25 დეკემბერს, წერეთლის გამზ. #73ა, გაიხსნა თიბისი ბანკის ახალი, მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე ტიპის საბანკო ფილიალი. ასეთი დონის საბანკო ფილიალები დღეისთვის მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე წამყვან ბანკს აქვს (Deutsche Bank, ABN Amro, City Bank და სხვა) და პირველად საქართველოში თიბისი ბანკის მიერ შეიქმნა. თიბისი ბანკის ახალი ფილიალების კონცეფცია ამერიკული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “სენტეოს” მიერ შემუშავდა.
თიბისი ბანკის ახალი ფილიალი პირდაპირ გამოხატავს სლოგანს “ჩემ გვერდით ჩემი ბანკია”, სადაც კლიენტი და ბანკის თანამშრომელი გვერდიგვერდ დგანან და ერთად იღებენ გადაწყვეტილებას.
2008 წლის განმავლობაში თიბისი ბანკი 40-მდე ასეთი ტიპის ფილიალის გახსნას გეგმავს, ხოლო 2009 წელს თიბისი ბანკის ყველა ფილიალი ახალი კონცეფციის მიხედვით იქნება წარმოდგენილი.
თიბისი ბანკის მომხმარებელი ბანკის ახალ ფილიალებში მიიღებს საქართველოს საბანკო სივრცეში არსებულისგან სრულიად განსხვავებულ ინოვაციურ მომსახურებას, რომელიც შემდეგი სიახლეებით გამოიხატება:
ბარიერების მოხსნა - თიბისი ბანკის ახალ ფილიალებში აღარ იქნება შესასვლელი უსაფრთხოების კაფსულები, ასევე შუშის ბარიერები კლიენტსა და თანამშრომელს შორის.
გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღება - კლიენტსა და თანამშრომელს საშუალება ექნებათ ერთად უყურონ კომპიუტერის ეკრანს და ერთობლივად მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ მომსახურების შეძენაზე.
ახალი ტექნოლოგიები - ტრადიციული სალაროს ნაცვლად ბანკში იქნება საბანკო მანქანები. რაც იმას ნიშნავს, რომ თანხის გატანა და შეტანა მოხდება ერთ ადამიანთან, რომელიც ამ მომსახურებას სპეციალური მანქანების დახმარებით ახორციელებს.
სერვის ადმინისტრატორი - დახვდება ყველა კლიენტს, დააკვალიანებს, ასწავლის ბანკომატის მოხმარებას და უპასუხებს კლიენტის მიერ დასმულ შეკითხვებს.
საბავშვო კუთხე - ყველა ფილიალში იქნება გასართობი ადგილი ბავშვებისთვის.
ვიპ ოთახი - ვიპ კლიენტებისათვის ყველა საშუალო და დიდ ფილიალში იქნება სპეციალური ოთახი, რომელშიც ასეთი კლიენტები ექსკლუზიურ მომსახურებას მიიღებენ.
24 საათიანი ზონა - კლიენტებს შეეძლებათ ბანკის სერვისით სარგებლობა 24 საათის მანძილზე. კერძოდ ყველა ფილიალის ლობი გახსნილი იქნება 24 საათის განმავლობაში, სადაც კლიენტს დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლება ისარგებლოს საინფორმაციო კიოსკით (ინტერნეტი, ინტერნეტ ბანკი), ტელეფონით (უფასო ზარი ბანკში) და ბანკომატით.